radiosaunje.com
  • რადიო - RADIO
  • ჩვენს შესახებ - ABOUT
  • წამყვანები - LEADING
  • მომსახურე პერსონალი -RADIO STAFF
  • ახალი ამბები - NEWS
  • პარტნიორები - PARTNERS
  • ანსამბლი "საუნჯე" - ENSAMBLE "SAUNJE"
  • ფოტოები - PHOTOS
  • მესაკუთრენი - OWNERS
  • კონტაქტი - CONTACT
Picture
ანზორ ერქომაიშვილი
     ხალხური მომღერალი, საგუნდო დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები.
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე (2014).

   ერქომაიშვილი ანზორ დავითის ძე (დ. 10. VIII. 1940, ბათუმი), მომღერალი, საგუნდო დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები, პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1980).
   არტემ ერქომაიშვილის შვილიშვილი და მოწაფე. დაიბადა ტრად. მუს. ოჯახში. სიმღერა ბაბუამ შეასწავლა. 7 წლისამ ხალხ. სიმღერების რესპ. ოლიმპიადაზე (თბილისი) I ხარისხის დიპლომი მოიპოვა.
   1969 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვ. საგუნდო-სადირიჟორო ფაკ-ტი (ვ. ფალიაშვილის კლასი), 1976 – ასპირანტურა ხალხ. მუს. შემოქმედების სპეციალობით (ხელმძღვ. – შ. ასლანიშვილი). სტუდენტობის წლებში მოღვაწეობდა ვოკალურ ანსამბლ “გორდელაში”, რ-ის შექმნის (1961) ერთ-ერთი ინიციატორი თავად იყო.
     1969–71 მუშაობდა საქართვ. რადიოსა და ტელევიზიის მუს. რედაქტორად.
   1968 ჩამოაყალიბა სახელმწ. ფოლკლორული ანსამბლი “რუსთავი”. ე-მა 1983–96 კი უცხ. ფირმებისათვის ჩაწერა 300-ზე მეტი ქართ. ხალხ. სიმღერა, რ-ებიც კომპაქტური დისკების სახით ვრცელდება მთელ მსოფლიოში. 
    1976 ჩამოაყალიბა ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი “მართვე”, რ-საც 2000-მდე ხელმძღვანელობდა. 1994 ანსამბლის ბაზაზე შეიქმნა მოსწავლეთა სასახლე. აღსანიშნავია ე-ის, როგორც ხალხ. მუსიკის შემკრების, დამსახურება.
  1972-იდან მსოფლიოს მრავალი ქვეყნის არქივში (მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, კრასნოგორსკი, რიგა, თბილისი) მიაკვლია 500-ზე მეტ ქართ. ხალხ. სიმღერის ფონოგრამას, შესრულებულს 1907-იდან 1930 წლამდე. მათი რესტავრაციის შემდეგ ფირმა “მელოდიაში” გამოსცა 5 ფირფიტა გამოკვლევებითურთ. 1992 ლონდონის მუს. არქივში მიაკვლია 1902–14 ინგლ. ფირმების მიერ გრამფირფიტებზე ჩაწერილ 127 ქართ. ხალხ. სიმღერას. აქვე აღმოაჩინა ვ. სარაჯიშვილის ჩანაწერების მატრიცები (დედნები), რ-თა მეშვეობითაც (ნ. ანდღულაძის მონაწილეობით) მოხერხდა მომღერლის პირვანდელი სრულყოფილი ხმის აღდგენა. 1985–89 ე-მა მოიწვია საქართვ. სხვადასხვა კუთხის ცნობილი მომღერლები და ფირმა “მელოდიაში” ჩაწერა 100-ზე მეტი ქართ. ხალხ. სიმღერა. ფირებზე ჩაწერილია როგორც ყველა ხმა ერთად, ისე თითოეული ცალკ-ცალკე, სადაც ნათლად ჩანს თითოეული მომღერლის საშემსრულებლო მანერა. ე-მა აღადგინა, გამოსცა და მომავალ თაობებს გააცნო ვ. სარაჯიშვილის, ა. ინაშვილის, ნ. ქუმსიაშვილის, ა. კავსაძის, ვ. სიმონიშვილის, ა. მეგრელიძის, ნ. ხურციას, კ. პაჭკორიას, მ. ე. თარხნიშვილის, ა. ერქომაიშვილის, ვ. მჭედლიშვილისა და სხვა ცნობილ მომღერალთა ხელოვნება. ე. ავტორია წიგნებისა: “ბაბუა” (1980; ეძღვნება არტემ ერქომაიშვილის ცხოვრებას), “შავი შაშვი ჩიოდა” (1989), “ძველი სიმღერების კვალდაკვალ” (1979). მუსიკალურად გააფორმა ოცამდე კინოფილმი და სპეკტაკლი.
    2001 ე-ის ინიციატივით და იუნესკოს ხელშეწყობით ჩამოყალიბდა ქართ. ხალხ. სიმღერის საერთაშ. ცენტრი. ე-ს თაოსნობით მომზადდა და გამოიცა (2006) XX საუკუნის ანთოლოგიის (1901–2001), ერთი ნაწილი (1901–1914), რ-შიც შედის ქართ. ხალხ. სიმღერებისა და საშემსრ. ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები.
   არის რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის (1988), საქართვ. სახელმწ. (1996), ზ. ფალიაშვილისა (1981) და ი. გოგებაშვილის სახ. (1993), აგრეთვე ალბერტ შვაიცერის სახ. საერთაშ. პრემიების (ანსამბლ “რუსთავთან” ერთად, 1983), სტუდენტთა და ახალგაზრდობის VI მსოფლიო ფესტივალის (1968; ანსამბლ “გორდელასთან” ერთად) ლაურეატი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998). თხზ.: ქართული ხალხური სიმღერების კრებული, თბ., 1980; ქართული ფონოჩანაწერები უცხოეთში, თბ., 2007; მივალ გურიაში, მარა, თბ., 2006; გზები, ადამიანები, სიმღერები, თბ., 2011; ქართული სიმღერის მოამაგენი – გური და ტრისტან სიხარულიძეები, თბ., 2013;

Picture
მამა ალექსანდრე (თანდილაშვილი) დაიბადა 1958 წლის 12 მარტს საქართველოში.
    რამდენიმე ათეული წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
მისი ღვაწლის დამსახურებით, შეერთებულ შტატებში უკვე რამდენიმე ქართული, მართლმადიდებლური ტაძარი ფუნქციონირებს, სადაც საქართველოდან გადახვეწილ ემიგრანტებს საშუალება აქვთ ქართულ ენაზე წირვა-ლოცვებს დაესწრნონ და თავადაც მიიღონ მასში მონაწილეობა.
   მამა ალექსანდრე თანდილაშვილი 1978 წლიდან პატრიარქთან მსახურობს და ამერიკაშიც სწორედ უწმინდესის ხელდასმით აღმოჩნდა.

მისი სასულიერო მოღვაწეობა იმით დაიწყო, რომ 1978 წლის აპრილიდან სიონის ეკლესიაში სიარული დაიწყო. რამდენიმე თვის შემდეგ კი საქართველოს პატრიარქის სტიქაროსანი გახდა და უწმინდესს ემსახჯურებოდა. სწორედ აქედან დაიწყო სასულიერო ცხოვრებით მისი დაინტერესება. ორი წლის შემდეგ, ანუ 1980 წელს, სასულიერო სემინარიაში დაიწყო სწავლა.  საქართველოს პატრიარქი ვატიკანში, რომის პაპის ორიენტალურ ინსტიტუტში გზავნიდა, თუმცა მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ კომუნისტების დრო იყო და მოსკოვიდან უარი უთხრეს. ასე, რომ მისი ვატიკანში წასვლა ვეღარ მოხერხდა. შემდეგ მან სწავლის გასაგრძელებლად ლენინგრადში სასულიერო აკადემიაში გაგზავნეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მეტეხის სასულიერო სემინარიაში პედაგოგად დანიშნეს. მისი პედაგოგიური მოღვაწეობა ორი წელი გაგრძელდა, რის შემდეგაც, საქართველოს პატრიარქის ილია II -ს უშუალო გადაწყვეტილებით, მისი ამერიკაში გამომგზავრება მოხდა. აქ სწავლა გააგრძელა წმ. ვლადიმირის სასულიერო სემინარიაში, სადაც ერთი წელი ისწავლა. ამის შემდეგ ისევ დაბრუნდა საქართველოში სადაც რამდენიმე თვე მოუწია დარჩენა იმის გამო, რომ საბუთები მოსკოვში უნდა გაკეთებულიყო, რასაც 5 თვე დასჭირდა. ამ პერიოდში დაქორწინდა და აკურთხა კიდევაც ილია II-მ ჯერ დიაკვნად, შემდეგ მღვდლად. ამის შემდეგ ამერიკაში დაბრუნდა.  მამა ალექსანდრემ,  შუა ნიუ-იორკში, მსოფლიოს მეგაპოლისში, ქართული ტაძარი ჩამოაყალიბა სადაც წირვა-ლოცვა დღემდე ქართულად  აღევლინება.
     მამა ალექსანდრე (თანდილაშვილი): "ეს იდეა, ჯერ კიდევ საქართველოში გაჩნდა, როდესაც მე და მეუფე დიმიტრი უწმინდესთან ვიყავით ვახშამზე. მაშინ ამერიკაში ბევრი ქართველი არ ცხოვრობდა. ძველი თაობის, ალბათ ათიოდე ადამიანი თუ იქნებოდა. პატრიარქმა თქვა, ვიდრე ისინი იქ იქნებიან, სამლოცველო სახლი ჩამოაყალიბეო, სადაც უნდა ჩამეტარებინა ჯვრისწერა, ნათლობა და ასე შემდეგ. ასე, რომ, იდეა თავად პატრიარქისაა. რა თქმა უნდა ეს იყო მონახაზი. მაშინ წმ. ვლადიმირის სახელობის სემინარიის რექტორი იყო ცნობილი ღვთისმეტყველი მამა იოანე მაიენდორფი, რომელმაც მითხრა, რომ მანჰეტენზე, მეორე საკათედრო ტაძარში არის პატარა ეკლესია და თუ გინდა დაგეხმარები, იქ რომ დროდადრო ქართველებისთვის წირვა ჩაატაროო.
ეს იდეა, ჯერ კიდევ სტუდენტობისას დამიჯდა ჭკუაში, მაგრამ მაშინ ამისთვის საჭირო ფინანსები არ აღმომაჩნდა. როცა სემინარია დავამთავრე, იმ პერიოდში ნიუ–იორკის მთავარი ეპისკოპოსი მამა პეტრე იყო, წარმოშობით ფრანგი. მას ჩემთან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. სწორედ მამა პეტრემ შემომთავაზა, დავრჩენილიყავი კიდევ ერთი წელი და დამპირდა, რომ დამნიშნავდა ერთ – ერთ ეკლესიაში. მე დარჩენა გეგმაში არ მქონდა, საქართველოში დაბრუნება და ჩემი საქმიანობის გაგრძელება მინდოდა. ამის შესახებ უწმინდესს ვესაუბრე და მისი კურთხევით გადაწყდა, რომ ისევ დავრჩენილიყავი. ეს იყო 1991 წელი. ამ დროს საქართველოში ჩამოაგდეს გამსახურდიას მთავრობა, რასაც დიდი არეულობა მოჰყვა. შემდეგ დაიწყო ომი აფხაზეთში. ამ ყველაფერმა და იმან, რომ ჩემი შვილები ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, გადამაწყვეტინა კიდევ დავრჩენილიყავი გარკვეული დროით ამერიკაში. ამ დროს დავიწყე ფიქრი ქართული ეკლესიის გახსნაზე, ვინაიდან მხოლოდ ამით ექნებოდა აზრი და გამართლება ჩემს აქ ყოფნას.
1992 წლის სექტემბრიდან დავიწყე წირვა–ლოცვის ჩატარება ქართველებისთვის, მეორე ავენიუზე საკათედრო ტაძარში. ეს 11 წელიწადი გაგრძელდა. თვეში ერთჯერ ან ორჯერ ვატარებდი წირვას და ერთხელ პარაკლისს. ასე მოვუყარე თავი ქართველების გარკვეულ ნაწილს ეკლესიაში. მახსოვს პირველად 25 ადამიანი მოვიდა. ეს კარგის მაჩვენებული იყო, ვინაიდან მაშინ აქ სულ 100 ქართველი თუ იქნებოდა. იყო უამრავი პრობლემები, ხან მგალობლები არ გვყავდა, ხან მედავითნე არ იყო და ხან მრევლი ვერ ახერხებდა მოსვლას. ხანდახან წირვაზე 2–3 ადამიანი იდგა ხოლმე. მიუხედავად ამისა წირვა–ლოცვის ჩატარება არ შემიწყვეტია იმ იმედით, რომ ხვალ უკეთესობა იქნებოდა. ამასობაში საცხოვრებლად დასავლეთ პენსილვანიაში გადავედი, სადაც 4 წლის განმავლობაში ვმსახურობდი. ნიუ–იორკში წირვის ჩასატარებლად თვეში მხოლოდ ერთხელ ჩამოვდიოდი."

Picture
ბელა ალანია - არასამთავრობო ორგანიზაციის „დედაშვილობა“ თავმჯდომარე.
        დაიბადა სენაკში, 1967 წ, 3 თებერვალს.
        დაამთავრა სენაკის მეორე საშუალოსკოლა და სამუსიკო სკოლა;  მოსკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი - ეკონომიკური ფაკუკტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალმცოდნეობა.
        ბელა ალანია არის მწერალთა კავშირის წევრი - ოთხი წიგნის ავტორი
.
       
ბოლო წლებში დაიბეჭდა ქ-ნი ბელას ოთხი წიგნი, რომლებშიც ფაქიზად და დიდი რუდუნებით არის წარმოდგენილი მისი ემოციები და გრძნობები ლექსების, მოთხრობების, ნოველების, ჩანახატების და მოკლე ჩანაწერების სახით. ასე მიდის ქ-ნი ბელა მკითხველამდე და ამიტომაც შეიყვარა მკითხველმა მისი შემოქმედება.
      ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

Picture
ზურაბ მოსაშვილი
  
   დაიბადა თბილისში 1046 წელს მეცნიერ-მუშაკთა ოჯახში. მამა-თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პროფესორი; დედა-ამავე ინსტიტუტის დოცენტი.
   1952 წელს მშობლებმა მიაბარეს თბილისის მე-6 ვაჟთა სკოლაში, რომელიც 1953 წელს, გოგონების და ბიჭების ერთად სწავლების შემდეგ გადაკეთდა თბილისის 55-ე საშუალო სკოლად.
   ზურაბ მოსაშვილმა აღნიშნული სკოლა დაამთავრა 1964 წელს ოქროს მედალზე და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე. სწავლების 5 წლის განმავლობაში იგი იყო წარჩინებული სტიპენდიანტი; სისტემატურად მონაწილეობადა სტუდენტურ სამეცნიერო, სპორტულ ღონისძიებებში. დაამთავრა უნივერსიტეტი 1964 წელს წარჩინებით და იმავე წელს ჩაირიცხა ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგის) ფიზიკა-ტექნიკის
ინსტიტუტში ასპირანტად. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, მოგვიანებით კი სადოქტორო დისერტაცია.
    მუშაობდა იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ უმცროსი მეცნიერ-მუშაკის, შემდეგ უფროსი მეცნიერ-მუშაკის, შემდეგ კი პროფესორის თანამდებობაზე. მიჰყავდა ლექციების კურსი აგრეთვე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში (ამჟამად სამედიცინო უნივერსიტეტი).
   1970 წელს ზურაბ მოსაშვილი დაოჯახდა.  მას ჰყავს ორი შვილი და სამი შვილიშვილი.
    ამჟამად იგი ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიუ-იორკში, აქვს საკუთარი ბიზნესი და აქტიურადაა ჩართული ქართული დიასპორის საქმინობაში.   


Picture
Picture
დათო გველესიანი
     დაიბადა 1962 წლის 11 ივნისს ქ. თბილისში.
     1968 წლიდან იყო ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი ,, მირანგულა"-ს სოლისტი.
     1978 წლიდან იყო საქართველოს ტელევიზიის ვაჟთა ფოლკლორული გუნდის სოლისტი.  შემდეგ ანსამბლ ,, ფაზისი"-ს სოლისტი.
     1982 წლიდან დღემდე არის საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "რუსთავი"-ს სოლისტი და თბილისის ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლსტი, ასევე ბათუმის ოპერის სოლისტი.
განათლება:
     - დამთავრებული აქვს თბილისის სასოფლოსამეურნეო ინსტიტუტი ღვინის და დაკონსერვების ტექნოლოგი;
     - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია სოლო სიმღერის ფაკულტეტი;
     - იტალიის ქალაქ ოზიმოს უმაღლესი საოპერო აკადემია. 
      ჩატარებული აქვს სამი სოლო კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში და მარჯანიშვილის თეატრში.
     აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა შემოქმედებით პროექტებში.

Picture
თამარ (თამუნა) ლოთიშვილი
      (დაბადებული 13 ოქტომბერი 1985 წ. გორი)
     2003 წელს დაამთავრა სკრის საჯარო სკოლა (გორის რაიონი).
     2007 წელს წარჩინებით დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით.
     2010 მიიღო მაგისტრის ხარისხი  ქართულ ენასა და ლიტერატურაში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ზუსტ და სბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
     2016 წლიდან სწავლობს „Kingsborough Community College”- ის ფსიქოლოგიის  და ადამიანური რესურსების მართვის ფაკულტეტზე.  
მიღებული აქვს შემდეგი სერტიფიკატები:
  • გორის სახელწიფო უნივერსიტეტი,  „კარიერის მართვის ტრენინგი“, 2009 წ.
  • მასწავლებელთა ეროვნული განვითარების ცენტრი, „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.“ 2011 წ..
  • საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტი, „ ფსიქოდიაგნოსტიკის პრობლემები სკოლაში“, 2009 წ.
სამუშაო გამოცდილება:
     2016 - დღემდე  „Kingsborough Community College”- ის  ფინანსური ადმინისტრირების და განვითარების დეპარტამენტის სტუდენტებთან კომუნიკაციის მენეჯერი. ქ. ბრუკლინი, ნიუ-იორკი.
     2010-2011 მოსწავლე ახალგაზრდობის ტურიზმის ცენტრის უფროსი სპეციალისტი. ქ. გორი.
     2008-2010  საბავშვო გაზეთი ყაყაჩო, ქართლის ხმა . ქ. გორი.
     2008-2010 სკრის საჯარო სკოლა, მიზნობრივი ღონისძიებების ორგანიზატორი. ს. სკრა.
     2006 სტაჟირება საქართველოს საზოგადოებრივ არხზე, პროფესიით ჟურნალისტი.
     1997-2010 წლებში იყო ქ. გორის ფეიქართა კულტურის ცენტრის სოლისტი.
     2005 წელს მიღებული აქვს პირველი ადგილი, რესპუბლიკურ ფესტივალზე „გრაცია“.

 

Picture
ნიკო ნადირაშვილი
       დაიბადა 1959 წლის 27 მარტს ქ. თბილისში ხელოვანების ოჯახში.
       ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
       დაამთავრა თბილისის 142 საშუალო სკოლა.
        სწავლობდა თბილისის მესამე მუსიკალური სასწავლებელში და  საესტრადო ხელოვნების სასწავლებელში.
        უფროს თაობას კარგად ახსოვს პოპულარული ვოკალურ-ინსტრუმანტული ჯგუფი «მზიური», რომელიც დაარსდა გასული საუკუნის 70-იან წლებში. ანსამბლში იყო 12 გოგონა და  ერთი ბიჭი, რომლიც სალამურზე უკრავდა. ის გახლდათ სწორედ ნიკო ნადირაშვილი. «მზიურის» დიდ პოპულარობაზე ისიც მეტყველებს, რომ როდესაც ამ ანსამბლზე გადაღბული და ამავე სახელწოდების ფილმი ნახა სსრკ მაშინდელმა საჭეთმპყრობელმა, ლეონიდ ბრეჟნევმა, წარმოთქვა ფრაზა «ანახეთ ეს ბავშვები მსოფლიოს და აღარ იქნება ომი».
        70-იან წლებში ნიკოს მშობლებმა, ბატონმა გიორგი ნადირაშვილმა და ქალბატონმა ევა ბიჩინაშვილმა საქართველოში პირველებმა ჩამოაყალიბეს ქართული ხალხური საკრავების ბავშვთა ორკესტრი «საუნჯე», რომლის უცვლელი წევრი იყო ბ-ნი ნიკო. «საუნჯე»  ხშირი კონცერტებით დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ქართულ და არა მარტო ქართულ საზოგადოებას.  სწორედ ამ ორკესტრში დაარსდა ლეგენდარული ტრიო "საუნჯე" ნიკო ნადირაშვილის, რაულ ნადირაშვილისა და გია ასანაშვილის შემადგენლობით. ტრიო "საუნჯე"-მ თავისი ადგილი დაიკავა მსოფლიოს მუსიკალურ კულტურაში, რომელმაც 56 ქვეყანას გააცნო ქართული ხალხური საკრავების ამოუწურავი შესაძლებლობები. ამ ინსტრუმენტებზე პირველად ნიკომ, რაულიმ და გიამ გააჟრერეს მსოფლიოში ცნობილი კლასიკური ნაწარმოებები და მსოფლიოს ხალხთა მელოდიები. ყველა ქვეყანაში ფეხზე ამდგარი და შეძახილებით "ბრავო" ხვდებოდა მადლიერი მაყურებელი ტრიო "საუნჯე"-ს გამოსვლებს.
        1979 წელს საქართველოს ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის მაშინდელმა თავმჯდომარემ ბატონმა ნუგზარ ფოფხაძემ ტელევიზიაში მიიწვია  მსოფლიოში უკვე ცნობილი ახალგაზრდა მუსიკოსი ნიკო ნადირაშვილი და მისი ხელმძღვანელობით დაარსა  ქართული ხალხური საკრავების დიდი ორკესტრი, რომელმაც გამოჩენისთანავე დიდი პოპულარობა, სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.          მოგვიანებით ნიკო ნადირაშვილმა საქართველოში შექმნა პირველი დამოუკიდებელი შემოქმედებითი კომპანია "ტრიო საუნჯე". სწორედ ნიკო ნადირაშვილის იდეითა და მისი  თაოსნობით დაარსდა თბილისში დღემდე პოპულარული კონცერტების სერიალი "მღერიან და ხუმრობენ ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავები". კომპანია "ტრიო საუნჯე" დიდ პოპულარიზაციას უწევდა მსოფლიოში ქართულ კულტურას.
        1996 წელს ლეგენდარული ტრიო "საუნჯე"-ს წევრები - მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდნენ საცხოვრებლად სადაც დღემდე წარმატებულად მოღვაწეობენ.
        2011 წელს გარდაიცვალა ქალბატონი ევა ბიჩინაშვილი ხოლო 2016 წელ კი ბატონი გიორგი ნადირაშვილი - (ნიკოს მშობლები). ორივე დაკრძალულნი არიან ამერიკის შეერთებულ შტატებში.
       ნიკო ნადირაშვილმა   ტრიო "საუნჯე"-ს ბაზაზე  ამერიკაში ჩამოაყალიბა პროფესიონალური ანსამბლი "საუნჯე" და შექმნა კულტურის ცენტრი «საუნჯე», სადაც ამერიკაში დაბადებულ ქართველ ბავშვებს თავად ნიკო ნადირაშვილი ასწავლის ქართულ ხალხურ საკრავებზე დაკვრას. 
       2018 წლის სექტემბერში მანვე დაარსა ქართული რადიო «საუნჯე». ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც რადიომაუწყებლობის ისტორიაში ეთერში გადის ქართული რადიო საზღვარგარეთიდან - რადიო «საუნჯე» ნიუ-იორკიდან , რომელიც 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობს მთელ მსოფლიოში და ემსახურება ქართულ საქმეს. იგი გათვლილია სრულიად საქართველოზე. სრულიად საქართველოში იგულისხმება როგორც საქართველოში მცხოვრებნი, ასევე საქართველოდან გასულნიც განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა. რადიო "საუნჯე"-ს მიზანია გააღვივოს მათში სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმი, სამშობლოში დაბრუნების სურვილი.

  • რადიო - RADIO
  • ჩვენს შესახებ - ABOUT
  • წამყვანები - LEADING
  • მომსახურე პერსონალი -RADIO STAFF
  • ახალი ამბები - NEWS
  • პარტნიორები - PARTNERS
  • ანსამბლი "საუნჯე" - ENSAMBLE "SAUNJE"
  • ფოტოები - PHOTOS
  • მესაკუთრენი - OWNERS
  • კონტაქტი - CONTACT